logo
ENG



ომისა და სანქციების გამო, კომპანია ბორჯომი მუშაობას დროებით აჩერებს

29 აპრ 202212:20
3 წუთის საკითხავი
 

მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი წარმოებას აჩერებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული, უკრაინაში ომის გამო რთული ვითარება შეიქმნა სარეალიზაციო ბაზარზე, რასაც საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა დაემატა.

"გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია. კომპანია ფიგურირებს TI-ს კვლევაშიც, როგორც რუსული კომპანია. 2021 წლის ივნისამდე მისი დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვი იყო, რომელიც საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში, ესტონურმა სავაჭრო ქსელებმა ბორჯომის, როგორც რუსული პროდუქტის, გაყიდვიდან ამოღების შესახებ განაცხადეს


close დახურვა