logo
ENG



ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლებს 10 თვის ანაზღაურება ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ

10 ივნ 202020:26
3 წუთის საკითხავი
 

ექიმებს, რომლებსაც მოსახლეობა მადლიერების ტაშს უკრავს, ხელისუფლება ხელფასსაც არ აძლევს. 10 თვეზე მეტია, ონკოლოგიური კლინიკის თანამშრომლები ანაზღაურების გარეშე მუშაობენ. მინისტრის დაპირების მიუხედავად, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. პანდემიის დროს ანაზღაურების გარეშე დარჩენილი ექიმების სახელფასო დავალიანების საკითხზე შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან გაიმართა, მაგრამ თავად ექიმები აუდიენციაზე არ შეუშვეს.

ონკოლოგიური კლინიკის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და სახელმწიფო კლინიკის ჰოლდინგის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, ექიმების თხოვნის მიუხედავად ტერიტორია ისე დატოვეს, რომ მედპერსონალს არ შეხვდნენ, ტიკარაძის მოადგილემ არც „ფორმულა ნიუსის“ გადამღები ჯგუფის კითხვებს უპასუხა.

ჯანდაცვის მინისტრის დაპირების მიუხედავად ამ დრომდე ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლებს საკუთარი ანაზღაურება არ ჩარიცხიათ. მინისტრის მოადგილემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების და ონკოლოგიური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პირობა გასცა, თუმცა კლინიკის თანამშრომლების თქმით ისინი გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ. ჯანდაცვის სამინისტროდან მათ განუცხადეს, რომ შენობის რეაბილიტაციისთვის ონკოლოგიური საავადმყოფო უნდა დაიხუროს. სამედიცინო პერსონალი კი მხოლოდ ორთვიან კომპენსაციას მიიღებს. მედიკოსებს ეშინიათ, რომ საავადმყოფო საბოლოოდ დაიკეტება და ისინი უსამსახუროდ დარჩებიან.

ირინა ჭუტლაშვილი უკვე 42 წელია, რაც ონკოლოგიურ საავადმყოფოში მუშაობს, არც მას და არც კლინიკის სხვა თანამშრომლებს, უკვე 10 თვეზე მეტია კუთვნილი ანაზღაურება არ აუღიათ. მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში არ ყოფილა პერიოდი, როდესაც კლინიკის თანამშრომლებს ამდენი ხნის განმავლობაში ხელფასები არ აეღოთ.

გარდა ხელფასებისა ირინა ჭუტლაშვილი კლინიკაში არსებულ სხვა პრობლემებზეც საუბრობს. მისი თქმით კლინიკას არ გააჩნია კომპიუტერული ტომოგრაფია და არ არის სხვა თანამედროვე აპარატურაც, რის გამოც მათ პაციენტების სხვა საავადმყოფოებში გადამისამართება უწევთ.

ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველი რჩება როდის მოხდება ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალისთვის სახელფასო დავალიანების დაფარვა და კლინიკის სრული რეაბილიტაცია.


close დახურვა