logo
ENG



ონკოპაციენტები კანცელარიასთან აქციას მართავენ

08 აპრ 202413:38
3 წუთის საკითხავი
 

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ.  

ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ძირითადი მოთხოვნები არ გაიზიარა და მათი სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია. მთავრობის სხდომა დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისე ჩაატარა, რომ ონკოპაციენტები საერთოდ არ უხსენებია.

"მინისტრმა ჩვენ გამოგვიცხადა, რომ მედიკამენტები, რომლებიც მათ ჩამონათვალში იყო, გამოვა ლიმიტს გარეთ, 25 000-ლარიანი ლიმიტის გარეთ და მათი თანხა აღარ მოაკლდება იმ ლიმიტს, რაც განსაზღვრულია თითოეულ პაციენტზე. თუმცა ეს არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ ეს მედიკამენტები არ არის მაღალი ხარისხის, არის ისევ დეფიციტი.

პრობლემები ისევ რჩება, ისევ აღმოსაფხვრელია და სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, რომ უწყვეტი პროტესტისთვის მიგვემართა. დღეიდან აქ, კანცელარიის წინ, იქნება უწყვეტი პროტესტი და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვანო იორამაშვილი.  

5 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტიდან ცალკე გამოიყოფა ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. 

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობის სრულად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის - წლიურად 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ. ასევე, მათ მოთხოვნებში შედის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა.


close დახურვა