როდის გაიმართება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი, ამას მხარეები არ აკონკრეტებენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი შეხვედრა შესაძლოა დღეს, ან ხვალ მოხდეს. ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნები უცვლელია, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და უახლოესი არჩევნები ჩატარდეს პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელით.
„130/20-ზე არის ის მოდელი, რომელიც პასუხობს რომ არსებითად პროპორციულია, თუ პარტიებში იქნა განსხვავება და ამ მოდელიდან გარკვეული კომპრომისი იქნა საჭირო, ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ არსებითად ეს პროპორცია არაა ჩვენი ხუშტური, არამედ ციფრების მიხედვით ახლოს არის პროპორციულობასთან. ამასთან ერთად, საჭიროა პოლიტიკური რეპრესიების საკითხის მოხსნა, რადგან ვითარების განმუხტვას სჭირდება ამ თამაშის წესის შეცვლა, თუ ივანიშვილი ამ პოზიციას არ იცვლის, ესე იგი აპირებს ამ გზით სიარულს და ეს გზა არის ძალიან სარისკო ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, მაგრამ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებენ, პარტიის გენერალური მდივანის განცხადებით, ის, თუ რაზე შეთანხმდებიან მხარეები, მოლაპარაკებების შემდეგ გახდება ცნობილი.
„კომპრომისს რაც შეეხება, დაველოდოთ მოლაპარაკებებს. თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. ძალიან ბევრ თემაზე მიმდინარეობს საუბარი, თუ როგორი სისტემა უნდა იყოს და როგორი სისტემა იქნება. დაველოდოთ შეხვედრას და შემდეგ ყველასთვის იქნება ცხადი. პოლიტპატიმრები არ არსებობენ საქართველოში, პოლიტპატიმრები იყვნენ 2012 წლამდე, დღეს პოლიტპატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.