logo
ENG



ოპოზიცია ემზადება, რომ არჩევნების არსებული მოდელით ხელისუფლებას წინააღმდეგობა გაუწიოს

21 თებ 202020:23
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია აქტიურად ემზადება, რომ არჩევნების არსებული მოდელით ხელისუფლებას სოლიდური წინააღმდეგობა გაუწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის გუნდმა რამდენიმე პარტიასთან ინდივიდუალური მოლაპარაკება შეძლო, ამას ოპოზიციური ერთობის გეგმები არ შეუცვლია.

ულტიმატუმი კომპრომისის ნაცვლად, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლისთვის „ქართული ოცნება“ ისევ არაფერს აკეთებს და ოპონენტებს უთვლის, რომ 100/50 ზე მოდელის მისაღებად დრო ეწურება.

„ქართული ოცნება“ ოპონენტებს აფრთხილებს, რომ დრო ეწურებათ. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია დიალოგის მაგიდასთან არ დაბრუნდება, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საკუთარი დღის წესრიგით იმოქმედებენ. „ოცნებას“ მოლაპარაკებების მაგიდაზე კვლავ საარჩევნო სისტემის საკუთარ მოდელი უდევს. 

ამ მიმართვის ადრესატები მმართველ პარტიას პასუხობენ, რომ სანამ დრო ჯერ კიდევ არის, ის თავად გამოიყენოს. ოპოზიციის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ ოპონენტების პირობებიც და საარჩევნო ცვლილებების მისაღები პაკეტი კარგად ცნობილია, ამიტომ თუ ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა სურს, ულტიმატუმების ნაცვლად, კომპრომისზე თავად უნდა იფიქროს. 

დღეს გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციაში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის 100/50-ზე საარჩევნო მოდელი კატეგორიულად მიუღებელია. იმ შემთხვევაში თუ კომპრომისი არ იქნება, ოპოზიცია მოქმედი საარჩევნო სისტემის პირობებში ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შესაქმნელად გეგმა ბეზე მუშაობს. 

ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს „ქართული ოცნებაც“, ის ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურად მოლაპარაკებას ცდილობს. ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე "გირჩის" გარდა სხვებმაც აღიარეს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ პირისპირ ისხდნენ, თუმცა ეს აღიარება დახურულ კარს მიღმა დარჩა.  

ინდივიდუალური მოლაპარაკებების დეტალებზე მმართველ პარტიაში არ ლაპარაკობენ. 

ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებია გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც დააანონსა, რომ ფორმატს შეუერთდებოდა. ოპოზიცია 4 აპრილის აქციისთვის ემზადება, სადაც თბილისის მაჟორიტარული ოლქებზე 22 საერთო კანდიდატს წარადგენს.


close დახურვა