პოლიტიკოსები უხელფასოდ დარჩენილი ექიმების საკითხს და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს ეხმაურებიან.
ისინი აცხადებენ, რომ დადგენილება, რომლითაც სახელმწიფო თანხების გადარიცხვისას ხელმძღვანელობს, მედიკოსებისთვის პრობლემურია. გარდა ამისა, ოპოზიცია არც კორუფციას გამორიცხავს კლინიკების ადმინისტრაციებში.
"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი 520-ე დადგენილებაზე და მის ხარვეზებზე საუბრობს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს დადგენილება არსებულ სისტემაში მედიკოსებს კიდევ უფრო მეტი პრობლემებს უქმნის.
"6 და ზოგ შემთხვევაში 8-თვიანი ინტერვალი ისედაც პრობლემებს უქმნიდა საავადმყოფოებს და ახლა დამატებითი პრობლემა არის 520-ე დადგენილება. ახლა რა თანხებიც ჩაერიცხებათ საავადმყოფოებს, ეს იქნება თანხები იმ პერიოდზე, როდესაც უკვე 520-ე დადგენილება ამოქმედდება. ეს თანხა ნაკლები იქნება, ვიდრე იმავე მომსახურებაზე ჩარიცხული თანხები, მაგალითად, სექტემბრისთვის ან ოქტომბრისთვის", - ამბობს ჭიაბერაშვილი.
ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. ვაშაძის თქმით, მმართველი გუნდი მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებს დაკმაყოფილებაზე ფიქრობს.
"ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უსისტემო მიდგომას. რაც პოლიტიკურად აინტერესებთ, იმას აკეთებენ და რაც არ აინტერესებთ, იმას - არა. უფრო მეტიც, არ გამოვრიცხავ, რომ როგორც ბავშვთა ინფექციურის, ისე ონკოლოგიური საავადმყოფოს საქმეში შეიძლება იყოს კონკრეტული ფინანსური ინტერესები", - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, ასევე ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმებს რამდენიმე თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ.