საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლიდერები და მმართველი პარტია დღეს არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ. მმართველი გუნდი და ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთს შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში, 2 საათზე შეხვდებიან.
ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნები უცვლელი რჩება: გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და მომავალი არჩევნები გაიმართოს პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელით. „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთანხმება ვერ იქნება.
„აუცილებელია, არჩევნები ჩატარდეს შეთანხმებული სისტემით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ - ორივე პირობის დაკმაყოფილება არის საკვანძო იმისთვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში", - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
„ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ეთანხმებიან კოლეგებს და ამბობენ, რომ ორივე პირობის შეუსრულებლად შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული.
„ჩვენი პირობა უცვლელია - საარჩევნო სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოებული პროპორციულთან და მეორე - ეს არის პოლიტპატიმრების თემა. უნდა შეწყდეს სამართლებრივი დევნა და გათავისუფლდნენ ადამიანები, ვინც პოლიტიკური ნიშნით იხდის სასჯელს", - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ ოფიციალურ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც გიგი უგულავა მეორედ დააპატიმრეს. ოპოზიცია მოითხოვს, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები გათავისუფლდნენ.