ოპოზიცია ისევ ერთ აზრზეა და „ქართული ოცნების“ მიერ კომპრომისად წარდგენილ პირობებს არ იღებს. 40-პროცენტიანი ბარიერის დაწესება მთავრობის დაკომპლექტებაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისი არ არის პოლიტიკური პარტიებისთვის.
ოპონენტები ხელისუფლებას შეახსენებენ იმ მოდელს, რომელიც ოპოზიციისთვის 40 პროცენტთან ერთად არის მისაღები, - მასში აუცილებელი დათქმაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პროპორციულთან მიახლოებული პროპორცია, მაგალითად 130/20-ზე. „ქართული ოცნება“ კი არ აპირებს, რამე დაამატოს შეთავაზებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმა.
შედგება თუ არა პოლიტიკური შეთანხმება - ჯერ ისევ უცნობია. ფაქტია, რომ დრო ცოტა რჩება - თუ დიალოგი არაფორმალური ფორმატიდან ფორმალურ გარემოში დროულად არ გადაინაცვლებს - საკანონმდებლო ცვლილებები აღარ მოესწრება. მოლაპარაკების პარალელურად ოპოზიცია სათადარიგო გეგმაზეც მუშაობს - ის საერთო მაჟორიტარებსა და საპროტესტო აქციებს ითვალისწინებს.