"ჰერიტიჯი ფონდის" ანალიტიკოსის განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ წრეებში. მმართველ გუნდში და ოპოზიციაში ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ.
"ქართულ ოცნებაში" სირიიდან გაყვანილი ამერიკული ჯარის საქართველოში დისლოცირებასთან დაკავშირებით, თავშეკავებული კომენტარები კეთდება და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ერთი ექსპერტის მოსაზრებაა.
"ეს არის ექსპერტის მოსაზრება, ალბათ ქართველმა ექსპერტებმა უნდა უპასუხონ. ჩვენ ხელისუფლებას გვაქვს მუდმივი სამუშაო კომუნიკაცია ამერიკის მთავრობასთან და ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული საკითხების განხილვა ხდება იმ ფორმატში," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ლუკ კოფის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამერიკელი ექსპერტებიც და ვაშინგტონიც საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად. მათ იმედი არ აქვთ, რომ ხელისუფლება ამ ინიციატივას გამოიყენებს.
"არ დავიწყებ ახლა იმის ძიებას, რა მიზნებს ემსახურება ამ ადამიანის ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან საფრთხის შემცველი განცხადებების გავრცელება საერთაშორისო დონეზე მაგრამ, ჩვენ უნდა ამოვიდეთ ქვეყნის ინტერესებიდან," - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა, გიორგი ახვლედიანმა.
"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, საკითხი უსაფრთხოების ჭრილში უნდა იყოს განხილული.
"როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს ტერიტორია იქნება თუ არა ის ადგილი, რომელიც შეიძლება იყოს თავშესაფარი, უსაფრთხოების გარანტია, თუ ერთგვარი დახმარების შესაძლებლობა, ეს უნდა იყოს განხილული ამ ვალდებულებების ჭრილში და მეორე უსაფრთხოების ჭრილში," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
"ევროპული საქართველოს წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, თუ ეს საკითხი დადგება ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, ის მოუწოდებს ხელისუფლებას, აუცილებლად იზრუნონ უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერებაზე.
"ამგვარი თემები თუ წამოიჭრება ოფიციალურად, ჩვენმა მთავრობამ აუცილებლად უნდა განიხილოს ეს თემა და გადაწყვიტოს სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და გააღრმაოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სამხედრო პარტნიორობა. მე არ მაქვს ამ ხელისუფლებისგან მოლოდინი, რომ გაბედულ ნაბიჯებს გადადგამენ ამ მიმართულებით. თუ ეს საკითხი დადგება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, აუცილებლად იზრუნონ უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერებაზე," - განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული კონსერვატიული ორგანიზაცია „ჰერიტიჯი ფონდის" მკვლევარი, ანალიტიკოსი ლუკ კოფი გამოვიდა ინიციატივით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, საქართველოში გაგზავნონ. მისი განცხადებით, საქართველო დღეს ბევრად უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი.
"სირიიდან გასული ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი შესაძლოა, გაიგზავნოს საქართველოში და გახდეს ძალა, რომელიც სწრაფად მოახდენს რეაგირებას იმ შემთხვევაში, თუ აისის-ი აღდგება. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოიყენოს ახალქალაქში მდებარე ძველი რუსული ბაზა, რომელიც სულ რაღაც 460 მილით-ით არის დაშორებული რაქადან. საქართველო ახლა უფრო მეტად საიმედოა, ვიდრე ერაყი,"- წერს კოფი.