ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლელოს ოფისში შეიკრიბნენ.
მსჯელობის საგანი და შეკრების მიზეზი, სავარაუდოდ, ამნისტიის კანონია, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა და ოპოზიციის ნაწილმა ხელიც მოაწერა.
კანონპროექტი პარლამენტში სამშაბათს, 27 აპრილს უნდა დარეგისტრირდეს, სამოქალაქო საზოგადოება კი პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან ამის პოლიციელებზე გავრცელება.
ლელოს ოფისში არიან პაატა მანგჯალაძე და თეონა აქუბარდია სტრატეგია აღმაშენებლიდან, შალვა შავგულიძე, რომელმაც პარლამენტის მანდატი ევროპული საქართველოს სიით მიიღო და შეთანხმებას ხელი მოაწერა, ასევე სალომე სამადაშვილი.
დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.
20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც.
მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს.
ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები.
ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.