logo
ENG



ორბანის თქმით, ICC-ის გადაწყვეტილების შემდეგ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს

22 ნოე 202416:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/22/r874yiwwea0b6x5.jpg

პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთში ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიიწვევს და უზრუნველყოფს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული ორდერი არ აღსრულდეს. 

ორბანმა სახელმწიფო რადიოსთან თქვა, რომ ICC-ის მიერ გაცემული ორდერი "არასწორია" და დასძინა, რომ ისრაელის ლიდერი "ადეკვატური უსაფრთხოების პირობებში" უნგრეთში მოლაპარაკებების წარმოებას შეძლებს.

"დღეს მე მო ვიწვევ ისრაელის პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს უნგრეთში ვიზიტისთვის და ამ მოწვევაში გარანტიას მივცემ, ICC-ის გადაწყვეტილებას უნგრეთში ძალა არ ექნება და მის შინაარს არ მივყვებით", - თქვა ორბანმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერმინისტრის, თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ჰამასის სამხედრო მეთაურის მიმართ დაკავების ორდერები გასცა.

ჰააგის სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინასასამართლო პალატამ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა. ორდერი ასევე გაცემულია მოჰამედ დეიფის მიმართ, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ის ივლისში ღაზაში საჰაერო დარტყმის დროს მოკლეს.

მოსამართლეების მოსაზრებით, არსებობს "გონივრული ეჭვი", რომ სამივე პირს ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ისრაელიც და ჰამასიც ბრალდებებს უარყოფენ.

მაისში ჰააგის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ნეთანიაჰუს, გალანტის, დეიფისა და ჰამასის კიდევ ორი ლიდერის, ისმაილ ჰანიესა და იაჰია სინვარის დაკავების ორდერები მოითხოვა, თუმცა მას შემდეგ ეს უკანასკნელი მოკლეს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა დეიფის სიკვდილზე გაავრცელა ინფორმაცია, პალატამ განაცხადა, რომ მისი სიკვდილი ვერ დაადასტურეს.

ჰააგის სასამართლოს პროკურატურის საქმე ეხება 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენებს, როდესაც ჰამასის მებრძოლები ისრაელის სამხრეთს დაესხნენ თავს, რა დროსაც 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო 250 ადამიანი მძევლად აიყვანეს და ღაზაში გადაიყვანეს.

ისრაელმა საპასუხოდ სამხედრო კამპანია წამოიწყო და ჰამასის ლიკვიდაციის პირობა დადო. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ კამპანიის ფარგლებში ტერიტორიაზე 44 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.

პროკურორი ხანი ჰამასის ლიდერებს ადანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და ომის დანაშაულებში, მათ შორისაა მკვლელობა, მძევლების აყვანა, გაუპატიურება და წამება. რაც შეეხება ისრაელელ ლიდერებს, ბრალდებები მოიცავს მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს და შიმშილის, როგორც ომის იარაღის გამოყენებას, ასევე განადგურებას და მკვლელობას.

ისრაელმა ჰააგის სასამართლოში რამდენიმე საჩივარი შეიტანა. პირველ საჩივარში ისრაელი ასაჩივრებდა სასამართლოს იურისდიქციას პალესტინურ ტერიტორიებზე და კერძოდ ისრაელის მოქალაქეებზე. მეორეში - მოითხოვდა, რომ სასამართლოს გამოძიების დაწყების შესახებ ახალი ცნობა გაეგზავნა ისრაელის ხელისუფლებისთვის სტატუსის, მე-18 მუხლის შესაბამისად. ისრაელი ასევე მოითხოვდა ყველა სამართალწარმოება შეეწყვიტა. სასამართლომ ისრაელის საჩივრები არ დააკმაყოფილა.


close დახურვა