უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2026 წლის ოქტომბერი რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. მისი თქმით, მხოლოდ ოქტომბერში რუსეთის არმიის დანაკარგებმა დაღუპული და მძიმედ დაჭრილი სამხედროების სახით 54 400 ადამიანი შეადგინა.
ზელენსკის განცხადებით, ეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთ თვეში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს რუსეთის არმიამ დღიური დანაკარგების ახალი რეკორდიც დაამყარა — ერთ დღეში 2 250 სამხედრო დაკარგა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ოქტომბერში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 96.2 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს. ეს 10.4 კვადრატული კილომეტრით მეტია იმ ტერიტორიაზე, რომლის დაკავებაც რუსეთის ძალებმა იმავე პერიოდში მოახერხეს.
„ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიებს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აგრესორისთვის ომის ყოველი დღე მაქსიმალურად ძვირი ღირდეს. ამ უაზრო დანაკარგების შესაჩერებლად რუსეთისთვის სრულიად საკმარისია ცეცხლის შეწყვეტისა და დიპლომატიის გზის არჩევა“, — განაცხადა ზელენსკიმ.
რას ამბობს საერთაშორისო მედია რუსეთის დანაკარგებზე?
ბრიტანული გამოცემა The Economist-ის საკუთარი გამოთვლებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის საერთო სამხედრო დანაკარგები, დაღუპულებისა და დაჭრილების ჩათვლით, შესაძლოა 1.4-დან 2.1 მილიონ ადამიანამდე იყოს.
გამოცემის შეფასებით, დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა შესაძლოა 374 ათასიდან 770 ათასამდე მერყეობდეს.
ამასთან, BBC-ის რუსულმა სამსახურმა, გამოცემა „მედიაზონამ“ და მოხალისეთა ჯგუფმა 30 ოქტომბერს გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ შესაძლოა 500 ათასს გადააჭარბა.
BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალების 285 ათასი დაღუპული სამხედრო იდენტიფიცირებულია სახელისა და გვარის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო დანაკარგების შესახებ სხვადასხვა მხარისა და მედიის მიერ გავრცელებული მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავდება და დამოუკიდებლად გადამოწმება რთულია.
