logo
ENG



ოქტომბრიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ევროკავშირის სამოქალაქო მისია განთავსდება

07 ოქტ 202212:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/07/suo08hkg7vddvez.jpg

ევროპული საბჭოს ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ევროკავშირის სამოქალაქო მისია განთავსდება. მისია ოქტომბერში დაიწყება და მაქსიმუმ 2 თვე გაგრძელდება.

6 ოქტომბერს პრაღაში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოწვევით ერთმანეთს სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შეხვდნენ.

ოთხმხრივი შეხვედრის შედეგად, ევროპული საბჭოს ცნობით, სომხეთი დათანხმდა ევროკავშირის სამოქალაქო მისიას აზერბაიჯანის საზღვართან, აზერბაიჯანი კი დათანხმდა ამ მისიასთან თანამშრომლობას.

საბჭოს ცნობით, სასაზღვრო კომისიის მორიგი შეხვედრა ბრიუსელში ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

„ამ მისიის მიზანი ნდობის აშენება და მისი ანგარიშებით სასაზღვრო კომისიებში წვლილის შეტანაა“ - წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ცნობით, შეხვედრის მიზანი კავკასიის რეგიონში განგრძობადი მშვიდობის დამყარება იყო და ამ შეხვედრაზე სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს გაეროს დეკლარაციისადმი ერთგულება.

„კავკასიაში განგრძობადი მშვიდობისთვის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურეს მათი ერთგულება გაეროს ქარტიისადმი და 1991 წლის Alma-Ata დეკლარაციისადმი, რომლის მიხედვითაც ისინი აღიარებენ ერთმანეთის სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.“ - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.


close დახურვა