logo
ENG



ოცნებას თერჯოლის საკრებულოს წევრიც ტოვებს და დეგნანს აკრიტიკებს

11 ივლ 202212:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/11/uqvhw459glynkdv.png

ქართულ ოცნებას და თანამდებობას თერჯოლის საკრებულოს წევრი ომარ ჯიხვაშვილიც ტოვებს და საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს აკრიტიკებს. მანამდე ოცნებიდან წასულ დეპუტატებს ლაგოდეხისა და ჭიათურის საკრებულოს წევრები შეუერთდნენ.

ჯიხვაშვილი წერს, რომ დეგნანი "შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა".

"ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების - ყველას გვახსოვს ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს!

როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს ცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.

თუ რამოდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას", - წერს ის.

დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა ქართული ოცნება და  საპარლამენტო თანამდებობები ოფიციალურად 28 ივნისს დატოვეს. მიზეზად დაასახელეს "უთანხმოება იმის შესახებ, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს მოსახლეობას სიმართლე". შემდეგ კი არაერთხელ გაავრცელეს ანტიდასავლური შეთქმულების თეორია მათ შორის იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება "ომში ჩართვასთან არის დაკავშირებული". 

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს წერილი 8 ივლისს მისწერა. 

მასში ნათქვამია, რომ "კარგი იქნებოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა".

პასუხად დეგნანმა განაცხადა, რომ წერილი "სავსე იყო სავსე ტყუილებითა და შეთქმულებების თეორიებით, რის გამოც მისი წაკითხვა ბოლომდე ვერ შეძლო". 

კელი დეგნანის ამ განცხადებას ქართული ოცნების მოქმედმა წევრებმა შეურაცხმყოფელი უწოდეს და მის წინააღმდეგ ანტიდასავლური შეთქმულების თეორიების გავრცელებას აგრძელებენ.


close დახურვა