ფორმულასთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატები აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს. დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ინტერვიუს "ბოლო წვეთს" უწოდებენ და აშშ-ის საელჩოს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.
დეპუტატები აღნიშნულ წერილში კვლავ იმეორებენ, რომ ოპოზიციის ქმედებების უკან საელჩო დგას. დეპუტატები წერენ, რომ ფორმულაში ელჩის სტუმრობა ადასტურებს, რომ ის მხოლოდ "კონტროლირებად მედიაში" გრძნობს თავს კომფორტულად.
"დაგვეთანხმებით, ამერიკის ელჩს ძალზე მარტივი პასუხებით შეეძლო საზოგადოებაში განსხვავებული, პოზიტიური რწმენის შექმნა. ასეთ პირობებში, პასუხზე უარს მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს - საელჩო მომავალშიც გეგმავს მიმართოს ძალისხმევა პოლარიზაციის გაღვივებისა და რადიკალური ოპოზიციის რადიკალური, ხელისუფლების ცვლილებისკენ მიმართული ქმედებების კოორდინაციისკენ. [...]
ვხედავთ, რომ ელჩი კრიტიკულ მედიასა და კრიტიკულ კითხვებს გაურბის. ფორმულაში სტუმრობა ადასტურებს, რომ ელჩი მხოლოდ მის მიერ კონტროლირებად მედიაში და წინასწარ შეთანხმებული კითხვებით გრძნობს კომფორტულად თავს. გარდა ამისა, ეს ფაქტი საელჩოს პოლიტიკურ გემოვნებაზეც ნათლად მეტყველებს".
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატები აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანს ესხმიან თავს.