პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გუშინდელ ჰომოფობიურ აქციაზე "ჟურნალისტების დაცვისთვის" პოლიციას მადლობას უხდის.
ის ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მათ მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე "ადეკვატური რეაგირება მოხდება".
"იცოდეთ, რომ სახელმწიფო ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით და აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე და ასეთი რამ აღარ განმეორდეს. იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან და არც ქართულ ტრადიციებთან. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც მათ გაწიეს იმისთვის, რომ დაეცვათ თითოეული ჟურნალისტი, თუ თითოეული მოქალაქე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები გუშინ თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს, საიდანაც 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ჟურნალისტებზე ძალადობის დროს პოლიციას არავინ დაუკავებია. მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, რომ ძალადობის 55 ფაქტი გამოავლინეს და 8 ადამიანი დააკავეს, თუმცა მხოლოდ ადმინსიტრაციული წესით.
1-ლი ივლისიდან საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი.
პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია 5 ივლისს დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა.
თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.
პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები.
თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ გუშინ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის აღარ გაიმართებოდა. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.