logo
ENG



ოჯახს არ აქვს პრობლემა - ნიკოლაძე წინასასამართლო სხდომის თარიღის გაგრძელებაზე

21 ივლ 202008:28
3 წუთის საკითხავი
clock 432

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის თარიღის 1 თვით გაგრძელება მოითხოვა. მირიან ნიკოლაძის განმარტებით, ოჯახს პროკურატურის მოთხოვნასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს. ამასთან, პროკურატურამ შესაძლოა გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმესთან დაკავშირებით არასრულწლოვნების საქმე გამოიყოს, რადგან წინასასამართლო სხდომის პროცესი არასრულწლოვანების წინააღმდეგ 40 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს.

„ამაზე ჩვენ დიდი ხნით ადრე ვთქვით, რომ ეს ვადა დასჭირდებოდა. ეს პროკურატურის გადასაწყვეტი იყო და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით, თუმცა უკვე ცხადი იყო რომ ექსპერტიზების დაგვიანების, ახალი მტკიცებულებების დაგვიანების ფონზე წინასასამართლო სხდომის თარიღი 1 თვით გაგრძელდებოდა. ჩვენ ხომ გვინდა, რომ მაღალი სტანდარტი იყოს სასამართლოში და ბრალდება იყოს დადასტურებული. ამიტომ ოჯახს ამაზე არ აქვს პრობლემა“,- აცხადებს ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.

ადვოკატებში ეჭვს ბადებს ექსპერტიზის დასკვნაც გვამურ გაშეშებასთან დაკავშირებით. დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე შეცდომაზე ფორმულა ნიუსის კითხვას არ პასუხობს. 

„გარდაცვალების ხანდაზმულობა მითითებულია 48 საათზე მეტი დრო. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი ჰქონდა ლპობით პროცესებს, შესაბამისად ლპობით პროცესებში მყოფი სხეულის ხანდაზმულობის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამოვდივართ ნაადრევი გვამური მოვლენების განვითარების ყველა სტადიიდან, მათი განვითარების დაწყებიდან და მოხსნიდან, რაც მოიცავს არაუმეტეს 48 საათს და ამიტომ იწერება, რომ 48 საათზე მეტი დროა გასული სიკვდილის დადგომიდან და ეს სავსებით სწორია“, - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა. პირველადი დასკვნით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფექსია წყალში დახრჩობით. 

გარდა ამისა, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.


close დახურვა