პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინა 26 წლამდე ქალებისთვის უფასო იქნება. ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი და გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებენ.
2019 წლიდან აპვ ვაქცინაცია შეტანილია საქართველოში ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის. ხოლო, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 13-18 წლის გოგოებში მეორე რაუნდის ჩატარება. 2023 წლის გადაწყვეტილებით კი, ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია.
ორგანიზაციების ცნობით, ამჟამად ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია:
• 10-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
• 13-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 - 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
ეროვნული პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 25-60 წლის ქალებისათვის.
გაეროს ფონდის ცნობით, ასევე შემუშავდა საშვილოსნოს ყელის კიბოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მკურნალობის გაიდლაინები.
ორგანიზაციების ცნობით, ასევე შეიქმნა კიბოს სკრინინგის ეროვნული რეგისტრი სკრინინგში რეგულარული მონაწილეობის და მონაცემთა მართვის გასაუმჯობესებლად.
გაეროს ფონდის ცნობით, საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც დაკავშირებულია უდიდეს პერსონალურ სტრესთან, სოციალური აქტივობის წყვეტასთან და ქალების, მათი ოჯახებისა და ასევე, ჯანდაცვის სისტემების ფინანსურ დანახარჯებთან. საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის ძირითადი ეთიოლოგიური ფაქტორი ადამიანის პაპილომავირუსია, ქალთათვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, ის მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად ქვეყანაში, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) ვაქცინით, ხოლო ადრეული გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი, მისი განკურნებაც შესაძლებელია.