logo
ENG



პაპუაშვილი 5 ივლისზე: პოლიცია იყო ადეკვატური რაოდენობით, დაპირისპირება მოსალოდნელი არ იყო

08 ივლ 202122:14
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი 5 ივლისზე: პოლიცია იყო ადეკვატური რაოდენობით, დაპირისპირება მოსალოდნელი არ იყო

ქართული ოცნების წევრი შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ 5 ივლისს თბილისის ქუჩებში პოლიციელების ადეკვატური რაოდენობა იყო მობილიზებული.

მისი თქმით, რადგან 5 ივლისს ღირსების მარში საღამოს იყო დაგეგმილი, არ არსებობდა იმის მოლოდინი, რომ დაპირისპირება მოხდებოდა. რაც შეეხება მთლიანად პრაიდის კვირეულის მიმდინარეობას, უმრავლესობის წევრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა ეფექტიანად შეაფასა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ უმრავლესობა შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის პარლამენტში დაბარებაზეც მსჯელობს. 

"პოლიცია ამ დღეებში მთლიანობაში ეფექტიანად მოქმედებდა. თუკი საერთო ჯამში შევაფასებთ დაწყებული 1-ლი ივლისიდან 6 ივლისის ჩათვლით - იყო სხვადასხვა სახის ღონისძიება, რომელიც პოლიციამ ეფექტიანად მართა. 5 ივლისს დილით იყო სპონტანური ძალადობის ფაქტი და ბევრისთვის და ჟურნალისტებისთვისაც მოულოდნელი იყო, რომ ასეთი აგრესია იყო ჟურნალისტების მიმართ.

იცით, რომ პოლიცია იყო ადეკვატური რაოდენობით, რადგან იქ მოსალოდნელი არ იყო ძალადობა, ვინაიდან მეორე აქცია არ იმართებოდა, მოსალოდნელი არ იყო აქციებს შორის დაპირისპირება. უმრავლესობა მსჯელობს, რომ მოიწვიოს პარლამენტში შს მინისტრი და მოვისმინოთ განმარტებები. 1-ში, 3-ში და 6-ში, სადაც იყო ორი აქცია, ეფექტიანად მართა შსს-მ. 5 ივლისს იყო აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 15 პირი ჰყავს დაკავებული.

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბული იყო 6 ივლისსაც. მედიაზე ძალადობის გამო პარლამენტთან სოლიდარობის აქცია დაანონსების შემდეგ, ძალადობრივი ჯგუფები ისევ შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონი რამდენჯერმე გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, თუმცა მათი უმრავლესობა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 


close დახურვა