პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ქართული ოცნება ევროკავშირის მიერ დაკისრებული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, "ფაქტობრივად, ბოლოში გადის".
პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას თქვა, რომ რეკომენდაციებზე უმრავლესობა "დიდწილად მარტო მუშაობს".
"ფაქტობრივად, 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ ბოლოში გავდივართ. მომავალ კვირას რამდენიმე კონცეპტუალურ დოკუმენტს მივიღებთ, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, ქალთა უფლებებს. ამით მე-8 და მე-9 რეკომენდაციები შესრულდება
სამწუხაროდ, ამ ყველაფერს უმრავლესობა დიდწილად მარტო აკეთებს, რადგან ვხედავთ, რომ ოპოზიცია ამ საკითხში არ მონაწილეობს ხოლმე. რაც შეეხება "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტსა და სასამართლო რეფორმას, სრულად შევასრულებთ რეკომენდაციებს. როგორც აქამდე მიდიოდა ყველაფერი სწორად ისე, რომ პუნქტები სკრუპულოზურად სრულდებოდა, საბოლოო ჯამში ასე დასრულდება ყველაფერს", - ამბობს პაპუაშვილი.
***
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა.
მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა.
დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.
14 მარტს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ კანონსა და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომლებიც 12 რეკომენდაციის ფარგლებში მომზადდა.
დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის დასკვნაში ნათქვამია, რომ "ოლიგარქების" გავლენის შეზღუდვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის, რომელსაც სურს მიაღწიოს კანონის უზენაესობის დემოკრატიულ სისტემას, თუმცა კომისია საუბრობს რისკებზე, რომლებიც კანონპროექტის ამ ფორმით მიღებამ შეიძლება გააჩინოს.
კერძოდ, დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი ეფუძნება პერსონალურ მიდგომებს და არ არის სისტემური, რომელიც ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას მოემსახურებოდა. ასევე აღნიშნულია, რომ "საჯარო განცხადებების ფონზე, საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ, ოპოზიციაზეც გავრცელდება".
დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ "პერსონალურ" მიდგომას სადამსჯელო ხასიათი აქვს და იწვევს ადამიანის რამდენიმე უფლების დარღვევის რისკს, თუ არ არსებობს სათანადო დონის სასამართლო პროცესის გარანტიები.
რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც კომისიამ მანამდე გასცა, ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული. მათ შორის ხაზგასმულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირადი ინტერესების საკითხების მოგვარება.