logo
ENG



პაპუაშვილი სანქციებზე: ჩვენ ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით ვხელმძღვანელობთ

23 თებ 202213:33
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი სანქციებზე: ჩვენ ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით ვხელმძღვანელობთ

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე ამბობს, რომ საქართველო ხელმძღვანელობს "ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით". ამით მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა საქართველო რუსეთს უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების გამო სანქციების დაუწესოს?

"ჩვენ ვხელმძღვანელობთ ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებით. ამ პრინციპებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შესაბამისად გვერდში დაუდგება უკრაინას.

რაც შეეხება, რაში გამოიხატება ჩვენი გვერდში დგომა, თუკი დააკვირდებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რაც არის საპატივცემულო, ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზს უსვამს, რომ ომი არ უნდა იქნას დაშვებული და ყველანაირი ზომები უნდა იყოს გამოყენებული, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპები აღსრულდეს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ ისინი ხელმძღვანელობენ "ხალხის მანდატით და არა ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგით".

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.  

თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. 

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმა ევროკავშირმა, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატსაც შეეხება. აღიარების გამო სანქციები ასევე შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.

რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-მაც. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს სანქციების პირველი ნაწილია და თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. 


close დახურვა