logo
ENG



პარლამენტმა საგანგებო რეჟიმის ამოქმედებას მხარი დაუჭირა

21 მარ 202020:29
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ერთხმად დაუჭირა. გადაწყვეტილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

შესაბამისი დეკრეტი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს დღეს, დღის მეორე ნახევარში გადაუგზავნა. დეკრეტის ტექსტი საკანონმდებლო ორგანოში თავად პრეზიდენტმა წარადგინა. დეკრეტი მას შემდეგ გადაიგზავნა, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზე ისაუბრა.

პროცედურის თანახმად, მთავრობამ შესაბამისი მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. 

პლენარულ სხდომას, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირეს მხარი, ოპოზიციური პარტიებიც ესწრებოდნენ, რომლებიც რამდენიმეთვიანი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა 1 თვით გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. განსაკუთრებული რეჟიმის გამოცხადება ვირუსის პრევენციისთვის გახდა საჭირო, მას შემდეგ რაც საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების მატება გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 49 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დადასტურდა. სწორედ ეს პირველი ინფიცირებული რამდენიმე დღის წინ კლინიკიდან უკვე გაეწერა, რადგან მას შესაბამისი ტესტირების საფუძველზე ვირუსი აღარ დაუდგინდა.

რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა და რა შეზღუდვები დაწესდა სპეციალური რეჟიმის პერიოდში წაიკითხეთ აქ


close დახურვა