logo
ENG



პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მომდევნო კვირაში დაიწყება

29 ივნ 202119:15
3 წუთის საკითხავი
clock 685
პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მომდევნო კვირაში დაიწყება
ვახო ქარელი/ფორმულა

ოპოზიციისა და ელჩების მოწოდებების პარალელურად, შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში პარლამენტი კანდიდატებთან გასაუბრებას დაიწყებს. მისივე ცნობით, პარასკევს, 2 ივლისს განისაზღვრება შესაბამისი გრაფიკი. 

"გასაუბრების პროცესი  წარიმართება ინკლუზიურად. წარმოდგენილი იქნებიან, როგორც სახალხო დამცველის ოფისი, ასევე, აკადემიური სფეროს წარმომადგენელები. არასამთავრობო  ორგანიზაციების კოალიციას საშუალება ექნება მათთვის სასურველი ერთი წევრი წარმოადგინოს გასაუბრების პროცესში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა პროფესიულ საზოგადოებას. ეს პროცესი წარიმართება პარლამეტის წევრების აქტიური ჩართულობით და იმედი მაქვს, რომ ამ შესაძლებლობას ყველა გამოიყენებს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამ საკითხის განხილვისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა.

როგორც ამბობენ, ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლების არჩევის პროცესში არც სამუშაო ჯგუფისა და არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით. 

დეგნანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას გამჭვირვალე რეფორმების ჩატარებამდე.

მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გიორგი გოგიაშვილი
  • გოჩა აბუსერიძე
  • ლევან თევზაძე
  • ქეთევან მესხიშვილი
  • გიორგი შავლიაშვილი
  • რევაზ ნადარაია
  • ბიძინა სტურუა
  • ეკა ზარნაძე
  • ლაშა ქოჩიაშვილი

კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. 

​ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.

ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა