პარლამენტმა ქართული ოცნების კანონპროექტს პარტიების დაფინანსების საკითხში ცვლილების შესახებ მეორე მოსმენითაც დაუჭირა მხარი.
საკითხს კენჭისყრაზე 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 27 წავიდა.
კანონპროექტის თანახმად, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს.
ოცნების ინიციატივას კრიტიკა მოყვა ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის მხრიდან. ისინი კანონს სადამსჯელო ღონისძიებას უწოდებენ და ამბობენ, რომ ცვლილება პირდაპირაა მიმართული იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან.
ქართული ოცნების მოსაზრებებს იზიარებენ მოქალაქეები და გირჩი.
ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის გადახედვისკენ მოუწოდებს.
"მსგავსი ინიციატივები განიხილება შემოთავაზებულ კანონპროექტში პარლამენტის რეგლამენტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, დეპუტატები დარჩებიან შემოსავლის გარეშე, თუ ისინი არ დაესწრებიან სხდომების უმეტესობას საპატიო მიზეზის გარეშე. ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებისთვის ხელფასის გადახდა სავალდებულოა" - ნათქვამია დასკვნაში.
ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის საერთო მოსაზრების მიხედვით, უფრო პროპორციული და მისაღები გზა იქნება ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც მოიცავს ცალკეული დეპუტატებისთვის სანქციების დაკისრებას მათი ქმედებების შესაბამისად. ეს მეტად თავსებადი იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან.