სპეციალური პენიტენციარული სამსახური სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას პასუხობს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2020 წლის 23 იანვარს, სახალხო დამცველის N9 პენიტენციარულ დაწესებულებაში ვიზიტისას ან მის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ არც ერთი ზემოხსენებული ნორმა არ დარღვეულა.
„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2020 წლის 23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის თაობაზე სახალხო დამცველისა და მისი აპარატის თანამშრომლების მიერ გუშინ და დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც ერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც იქნა დასახელებული, რელევანტური არ არის, მით უფრო ვერ იქნება საუბარი მათ დარღვევაზე.
კერძოდ, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მითითებას აკეთებენ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმადაც, „სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა პატიმრობაში მყოფ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.“
სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ასევე მიუთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ისჯება სახალხო დამცველზე „ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით“.
ახსნის გარეშეც აშკარაა, რომ გუშინ, 2020 წლის 23 იანვარს, სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას ან მის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ არც ერთი ზემოხსენებული ნორმა არ დარღვეულა. სახალხო დამცველი შეხვდა იმ პატიმრებს, რომლებთანაც თავად სურდა შეხვედრა და რომლებმაც დაწესებულების თანამშრომლებს არ უთხრეს უარი საკნიდან შეხვედრის ოთახში გადასვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. შეხვედრებმა თავისუფალ გარემოში, სრული კონფიდენციალობის პირობებში, დაწესებულების ადმინისტრაციისგან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე ჩაიარა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ თუ სახალხო დამცველი იმის გამო მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუფრთხილებლად (რისი სრული უფლებაც მას აქვს), რომ საკუთრივ დაწესებულებაში ვიზიტის ფაქტის მედიისგან და ფართო საზოგადოებისაგან გასაიდუმლოება სურდა, მოცემული საიდუმლოების მედიისგან დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური არამცთუ პრაქტიკაში ვერ იქნება, მას ამგვარი ვალდებულება არც კანონით არ აკისრია. პირიქით, მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს. შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული, მით უფრო, როცა საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. აქვე შევნიშნავთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სახალხო დამცველმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე ეთერში თავად განაცხადა: „რაც შეეხება ვის შევხდი (...) ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული კონფიდენციალური საკითხი“.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოწოდებულია იმისკენ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი რაც შეიძლება ხშირად ეწვიოს საპატიმროებს და შეხვდეს პატიმრებს, რომელთაც წლებია და თვეებია, სურთ მასთან შეხვედრა. როდესაც საქმე ეხება საზოგადოების მაღალ ინტერესს საზოგადოებისათვის ცნობილი ამა თუ იმ პატიმრისადმი, სახალხო დამცველის ამგვარ პატიმართან საკუთრივ შეხვედრის ფაქტი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მედიისთვის დამალული ვერ იქნება. რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას და პატიმართან კომუნიკაციას, როგორც ამ, ისე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ზედმიწევნით იქნა დაცული კანონის ყველა ნორმა, მათ შორის, კონფიდენციალობის პრინციპი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გურამ დონაძეს, მასთან სახალხო დამცველს კომუნიკაცია არ ჰქონია და ბრიფინგისას დასახელებული საკანონმდებლო ნორმები კავშირშიც კი არ არის მოცემულ საკითხთან. მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს განუცხადა უარი საკნიდან გამოსვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს შორის ამ ტიპის კომუნიკაცია არ არის და ვერ იქნება დაცული საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონით.
დაბოლოს, პატიმრების მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოქმედი სახალხო დამცველი 2019 წელს საერთოდ არ არის ნამყოფი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში.
თუმცა, ის 2018 წლის 16 ოქტომბერს იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ მირზა სუბელიანთან და მანვე, დაწესებულებიდან გამოსვლისას მედიასთან კომენტარი გააკეთა და დაასახელა პატიმრის გვარი, რომელსაც შეხვდა, რითაც დაადასტურა შეხვედრის ფაქტი.
ასევე, 2019 წლის 1 მარტს, სახალხო დამცველმა მედიასთან განაცხადა, რომ მისი აპარატი არაერთხელ შეხვდა გიორგი მამალაძეს, რითაც დაადასტურა საზოგადოებისათვის ცნობილ პირთან საპატიმროში შეხვედრის ფაქტი.
სახალხო დამცველმა ასევე ღიად დაასახელა 2020 წლის 8 იანვარს იმავე მსჯავრდებულის გვარი და სახელი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ და ამით დაადასტურა შეხვედრის ფაქტი.
იმ სახალხო დამცველებთან მიმართებაში, რომლებიც 2017 წლამდე იკავებდნენ მოცემულ თანამდებობას, ასევე შესაძლებელია უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა, როდესაც ისინი, შეხვედრის დეტალების გამჟღავნების გარეშე, ადასტურებდნენ საკუთრივ შეხვედრის ფაქტს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულ პატიმრებთან ან დაკავებულ პირებთან.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიესალმება საქართველოს სახალხო დამცველის გუშინდელ ვიზიტს N9 პენიტენციურ დაწესებულებაში და გამოთქვამს იმედს, რომ ეს არ იქნება მისი ბოლო ვიზიტი პატიმრებთან და 2020 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველი შეძლებისდაგვარად მეტი პატიმრის შეხვედრის სურვილს უპასუხებს დადებითად“, - წერია განცხადებაში.
სპეციალურმა პენიტენციარულმა სამსახურმა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას N9 პენიტენციარულ დაწესებულებაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ომბუდსმენი ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილსა და მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს შეხვდა.
თავის მხრივ, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჩაიდინა დანაშაული, როდესაც ომბუდსმენის შეხვედრის კონფიდენციალობა პატიმრებთან დარღვია.
გარდა ამისა, ლომჯარიამ მოუწოდა მთავრობასა და პარლამენტს, რომ მისცენ ომბუდსმენის თანამშრომლების საქმიანობის უსაფრთხოების გარანტიები პენიტენციარულ სისტემაში.