logo
ENG



პენიტენციური: სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია

16 ნოე 202115:23
3 წუთის საკითხავი
 

პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

როგორც უწყების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი ჩიდრაშვილმა ბრიფინგზე თქვა, ყოფილი პრეზიდენტის ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და მას ინტენსიურად უტარდება სხვადასხვა კვლევები.

პენიტენციური სამსახური ირწმუნება, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

"პაციენტი იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები, როგორიცაა: არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია ნორმის ფარგლებშია. ასევე, ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები. მას ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები. იგი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. დღეის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშაა და საფრთხე არ ემუქრება", - თქვა ჩიდრაშვილმა.

რამდენიმე დღეა ექიმთა კონსილიუმს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის და მდგომარეობის შემოწმების საშუალება არ აქვს.

სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს რუსთავისა და ზუგიდიდის საკრებულოს წევრებმა.


close დახურვა