logo
ENG



პეტრე ცაავა ზნეობრივ კომისიაზე: დაიწყეთ ჩემგან, მაგრამ იგივე უნდა თქვას პატრიარქმაც

11 თებ 202116:52
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/11/cbroyf8ck80easd.png

მეუფე პეტრე ცაავა, აცხადებს, რომ ის მიესალმება საეკლესიო კანონების მიხედვით პრობლემურ საკითხებზე მსჯელობას, თუმცა, მისივე თქმით, ეს მოკვლევა უნდა დაიწყოს პატრიარქის და არა მისი ზნეობრივი გადაცდომებით.

"საზოგადოება არ უნდა შევიდეს შეცდომაში და არ უნდა დავიჯეროთ, რომ სინოდის მიერ შექმნილი კომისია რაიმე ღირსეულს, მართლმადიდებლურს დაადგენს, მე პირადად მსგავსი არ მახსოვს არაფერი. კომისიები ყოველთვის იქმნებოდა პრობლემურ საკითხებზე, რომ საკითხი გადაეგორებინა პოლიტარქს, სინოდის თავმჯდომარეს. მივესალმები, თუ რამე იქნება რჯულის კანონის ფორმატში. სინოდს უნდა შეესრულებინა საეკლესიო სასამართლოს ფუნქცია, ან უნდა დაეარსებინა, ან უნდა აღედგინა საეკლესიო სასამართლო და რჯულის კანონის მიხედვით, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ყველა საკითხზე, მათ შორის კათოლიკოს პატრიარქის პირველ რიგში", - განაცხადა ცაავამ. 

როგორც პეტრე ცაავა განმარტავს, სინოდს უნდა დაედო საფუძველი საეკლესიო სასამართლოსთვის, რომელიც იმსჯელებდა "ეკლესიაში არსებულ ეროტიკულ სკანდალებზე", რაც, სასულიერო პირის განცხადებით, "ქართულ ეკლესიაში მრავლადაა".

"როგორც თამარ მეფე ამბობს, დაიწყეთ ჩემგან. მე რამდენიმე წელია ვთქვი, რომ დაიწყეთ ჩემგან, მაგრამ იგივე უნდა თქვას პატრიარქმა - ჩემგან დაიწყეთ მხილება, ჩემგან დაიწყეთ მოკვლევა პრობლემებისა. ამ სასამართლომ უნდა იმსჯელოს და მკაცრი ზომები უნდა მიიღოს სასულიერო პირების იმ ეროტიკულ სკანდალებზე, რომლებიც მრავლადაა საუბედუროდ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ველოდი რაღაც მსგავს პოლიტიკურ ხრიკს, მაგრამ კომისია თუ იქნებოდა, არა. დაველოდები მოვლენებს და მზად ვარ, რჯულის კანონის მიხედვით გავაგრძელო ცხოვრება და ყველასთან ურთიერთობა", - ამბობს პეტრე ცაავა.

2019 წელს მეუფე პეტრე ცაავა დასაჯეს და ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო საუბარი იმაზე, რომ საპატრიარქომ შესაძლოა პეტრე ცაავა განკვეთოს. 


close დახურვა