პოლიტიკოსი ქალები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს გმობენ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ქალი წევრების ორგანიზებით დღეს პარლამენტთან პოლიტიკოსი ქალების უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ დოკუმენტს ხელი ოპოზიციური პარტიების ქალმა პოლიტიკოსებმა მოაწერეს.
ტექსტში ნათქვამია:
"ჩვენ, პოლიტიკოსი ქალები, ჩვენი პარტიული კუთვნილების თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, დღეს ვერთიანდებით, რომ დავგმოთ ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღება, გავრცელება და კადრების გავრცელებით დაშინება და შანტაჟი.
პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა, რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ესაა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ძირითადი უფლება.
ბოლო წლებში ხშირად ხდება პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვადასხვა საშუალებით გავრცელება ან ამ კადრების გავრცელებით მანიპულირება და შანტაჟი. ამ მხრივ განსაკუთრებული სამიზნე ქალები არიან. პირადი ცხოვრებით მანიპულირება ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.
დაუშვებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოყენება დაშანტაჟების მიზნით.
ჩვენ ვგმობთ მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანას. ქალების წინააღმდეგ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ ძირს უთხრის წარმომადგენლობით დემოკრატიას.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, უმკაცრესი რეაგირება მოახდინონ ამგვარ ფაქტებზე. ვერავინ უნდა გაბედოს უხეშად ხელყოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა". - ნათქვამია განცხადებაში.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 6 სექტემბერს თქვა, რომ მის თანაგუნდელ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრნენ. ვაშაძემ მომხდარი მმართველ გუნდს დაუკავშირა.
მანამდე, 2019 წლის იანვარში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრებიც გავრცელდა. კადრების გავრცელება დაემთხვა ბესელიას პროტესტს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით.
იმავე წლის თებერვალში შსს-მ 16 ახალგაზრდა დააკავა იმ მიზეზით, რომ მათ ჩანაწერი ნახეს და რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. ისინი რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. ეკა ბესელია ამბობდა, რომ მას კადრების გამავრცელებლის დასჯა სურდა და ახალგაზრდების დაკავება საქმის გამოძიებას არ უდრიდა. მან გიორგი გახარიას როგორც შს მინისტრის, ისე პრემიერის რანგში არაერთხელ მიმართა და დამნაშავის გამოვლენა სთხოვა, თუმცა, უშედეგოდ.