რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. მშვიდობიანი პროტესტის ფონზე ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა. ჩართეს სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალიც.
გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის ზურა ჯაფარიძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან პარტიის ორი წევრი იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე.
შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ "არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს".
დაკავებულების შესახებ უწყებას განცხადება არ გაუვრცელებია.
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი I მოსმენით მიიღო.
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.