logo
ENG



პრაისი ოცნებას: მოგიწოდებთ, გააუქმოთ კანონპროექტი და ამ ტიპის კანონმდებლობა არ წარადგინოთ

10 მარ 202308:19
3 წუთის საკითხავი
 
პრაისი ოცნებას: მოგიწოდებთ, გააუქმოთ კანონპროექტი და ამ ტიპის კანონმდებლობა არ წარადგინოთ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ამბობს, რომ რუსული კანონპროექტი, რომელსაც საქართველოში მასობრივი პროტესტი მოჰყვა, სრულად უნდა იქნეს უარყოფილი.

პრაისის თქმით, კანონპროექტი შეუთავსებელია ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.

მან ასევე მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, სერიოზულად იმუშაონ რეფორმებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად არის საჭირო.

"ნათელია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივესალმებით "უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტის გატანის გადაწყვეტილებას, ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად გააუქმოს ეს კანონპროექტი და არ წარადგინოს ამ ტიპის კანონმდებლობა. სწორედ იმიტომ, რომ ის შეუთავსებელია ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან.

ჩვენ მოვუწოდებთ, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ერთობლივად იმუშაონ იმ რეფორმებზე, რომლებიც სასწრაფოდ არის საჭირო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც საქართველოს მოქალაქეების  უდიდესი სურვილია. არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არამედ ათწლეულების განმავლობაში, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა რომ მისი სურვილია დემოკრატიული საქართველო, რომელიც არის აყვავებული და ინტეგრირებული ევროატლანტიკურ რეგიონში. მათ ეს კიდევ ერთხელ გააკეთეს და შეერთებული შტატები კვლავაც იქნება ამ მისწრაფებების პარტნიორი", - აღნიშნა ნედ პრაისმა.

***

10 მარტს დილის 12:00 საათზე პარლამენტში პლენარული სხდომა, 11:45 საათზე კი ბიუროს სხდომა ჩაინიშნა. 

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან რუსული კანონის გაწვევის "გადავადებასთან დაკავშირებით ტყუილის გავრცელების საფრთხე არსებობდა" ოცნებამ მოიფიქრა იურიდიული გადაწყვეტა, რათა საკითხი ბიუროს და პლენარულ სხდომებზე გაეტანათ და "საკითხი ხვალვე ჩაიხურება".

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

შსს-მ 2 დღეში აქციებზე ჯამში 133 ადამიანი დააკავეს, დღეს საღამოს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლეს.


close დახურვა