logo
ENG



პრეზიდენტი ფარცხალაძეზე: მოვითხოვ, საზოგადოებას პასუხი დეტალური გამოძიებით გაეცეს

18 სექ 202319:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/18/irgb1h5nwp518ha.png

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ მან არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას თქვა.

"ერთ-ერთმა, მე მგონი, ბატონმა კახამ [კალაძემ]  თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე ჩემი ვიზიტებია ევროპაში. არა ბატონო კახა - ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა ეფესბეს თუ კაგებეს აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომელიც უნდა ამას დღეს იძიებდეს და პასუხისმგებლობა მათზეა. მე თქვენ წინაშე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალურად, დეტალური გამოძიებით. ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა"- თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, დამატებით მტკიცებულებებს არ "არავინ ითხოვს" აშშ-სგან და გამოძიება საქართველოშია ჩასატარებელი.

"მტკიცებულებები არსებობს და არავინ არ სთხოვს ამერიკას დღეს, რომ მეტი მტკიცებულება მოგვაწონო, მგონი, ყველაფერი ნათელია და გამოძიება აქაა ჩასატარებელი და აქ არის ანგარიშები გასაჩერებელი და ყველაფერი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს. ქვეყანამ კი არა, ვინც პასუხისმგებელია ამაზე.

ამასთან, პრეზიდენტმა განმარტა, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ადმინისტრაციაში არანაირი მოთხოვნა არ შესულა.

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.


close დახურვა