logo
ENG



პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

29 სექ 202310:08
3 წუთის საკითხავი
 
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დღეს, 29 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართებაა. აქციის ანონსი სოციალურ ქსელში, ღონისძიების სახით გავრცელდა და ტექსტში ნათქვამია, რომ ახალგაზრდები გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბებიან.

"პარასკევს, 19:00 საათზე ახალგაზრდები ვიკრიბებით ლაზარესთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რადგან პრეზიდენტს და ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ საქართველო არასდროს იქნება "რუსეთის გუბერნია" და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ლაზარე გრიგორიადისი. საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი", - წერია ღონისძიების აღწერაში.

25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო ბექა გრიგორიადისის მანქანის დაზიანებაშიც და ამისთვის სასჯელის სახით 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.

საუბარია 2021 წლის საქმეზე, სადაც ლაზარე გრიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და მისი კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებას ედავებოდნენ.

მარტის აქციაზე დაკავების შემდეგ, პროსახელისუფლებლო ტელეკომპანია POSTV-იმ გრიგორიადისის ფოტო გამოაქვეყნა აღწერით "წარსულში მამის მიმართ ძალადობაზე ნასამართლევი, ხოშტარიას პარტიის წევრი".

მოგვინებით ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, გავრცელებულ ინფორმაციას ფეისბუქზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი შვილის გაშავების პროცესი მიმდინარეობს.

მამამ შვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა რადიო თავისუფლებასთანაც და თქვა, რომ წარსულში "პატარა ოჯახური შელაპარაკება" ჰქონდათ, თუმცა საკითხი ამოწურულია.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 


close დახურვა