ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ როსტოვში სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის აეროდრომზე კონტროლი აიღეს. მისივე თქმით, მისმა სამხედროებმა 3 რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
"შტაბ-ბინაში ვართ დილის 7:30 საათზე, სამხედრო ობიექტები როსტოვში, მათ შორის აეროდრომი, ჩვენი კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა მან.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უახლოეს ხანებში მიმართვა ექნება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ისაუბრა.
23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.
მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია".
ბევრმა მისი განცხადება, სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვა, ხოლო რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.
პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და "რუსული მიწის" დათმობაში ადანაშაულებდა.