logo
ENG



პროკურატურამ მორჩილს სხვის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა-ძალადობისთვის ბრალი წარუდგინა

23 თებ 202220:22
3 წუთის საკითხავი
 
პროკურატურამ მორჩილს სხვის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა-ძალადობისთვის ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ მორჩილ ვ.გ-ს დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, მუქარის, თვითნებობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და გავრცელების გამო ბრალი წარუდგინა. 

უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.გ. სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს დამამცირებლად მოეპყრო - ძალადობის მუქარით ამ უკანასკნელს გაპარსა წვერი, გახადა სასულიერო პირის შესამოსელი, რითაც ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა რ.მ. 

ვ.გ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ზე რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ კვლავ ჩაიცმევდა სასულიერო პირის შესამოსელს, ამ მიზნით მან თვითნებურად გახადა, წაართვა და აუკრძალა მისი ჩაცმა.

ვ.გ.-მ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რ.მ.-ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა ამ უკანასკნელის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია, ვიდეოჩანაწერების სახით, რაც ინტერნეტის მეშვეობით ასევე უკანონოდ გაავრცელა.

სამართალდამცველებმა ვ.გ. 2022 წლის 21 თებერვალს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით  (ორი ეპიზოდი) (ძალადობა), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (მუქარა), 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა) და 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ვ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს ერთი სასულიერო პირი მეორეზე 2022 წლის 21 თებერვალს გავრცელდა. ვიდეო 4 წუთს გრძელდება. მოძალადე სასულიერო პირი მეორეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და რამდენჯერმე ეკითხება, რატომ ჩაიცვა ანაფორა. გარდა ამისა, მოძალადემ იცის, რომ ვიდეოს იღებენ და გადამღებს ეუბნება - "არ გათიშო, გადაიღე".

საპატრიარქომ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ "ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი"


close დახურვა