logo
ENG



პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 დაკავებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

28 ივლ 202014:54
3 წუთის საკითხავი
clock 653
jbhw1iyuvxm81s1.jpg

 

საქართველოს პროკურატურამ გადაწყვიტა, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ცალკე წარმოებად გამოყოს სისხლის სამართლის საქმე 11 დაკავებულის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე.  

ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა იმით ხნის, რომ "უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებაში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან".

ამასთან, უწყებისვე თქმით, აუცილებელია მკვლელობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა.   

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ცალკე წარმოებად გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე ვ.ჩ-ს, ვ.მ.-ს, ა.გ.-ს, ნ.რ.-ს, გ.ტ.-ს, თ.ბ.-ს, ნ.ჟ.-ს, ი.მ.-ს, ს.ჩ.-ს, ი.წ.-სა და ს.გ.-ს მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე.

დღეის მდგომარეობით, უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს პატიმრობაში მყოფი 11 პირის მიმართ, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა. ამასთან, ბრალდებულად ცნობილი 6 არასრულწლოვანის საქმე არსებითი განხილვის მიზნით უკვე წარმართულია სასამართლოში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 20 ივლისს პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადება მოითხოვა. გადადების მოთხოვნა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვერ გავრცელდა დაკავებულ 6 არასწრულწლოვანზე. სწორედ იმ 11 სრულწლოვანის საქმე გამოიყო დღეს ცალკე წარმოებად, რომელთა წინა სასამართლო სხდომა, გადადებული ვადით, აგვისტოს ბოლომდე უნდა გამართულიყო. ეს ნიშნავს, რომ განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის დამძიმებაში პროკურატურა დროში შეზღუდული აღარ იქნება.

შესაბამისად, სრულწლოვნებისა და არასრულწლოვნების საქმეების ცალ-ცალკე წარმოების გარდა, ცალკე წარიმართება უშუალოდ განრახ მკვლელობის საქმე, რომელსაც ამ ეტაპზე ბრალდებული არ ჰყავს. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 28 ივნისს 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა