logo
ENG



პროკურორი: 11 წლის ბავშვის მამას ბრალი ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით წარედგინა

26 აგვ 202017:16
3 წუთის საკითხავი
 

თერჯოლაში 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის პროკურორი აცხადებს, რომ გარდაცვლილის მამას პროკურატურამ ბრალი იმ მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინა, რაც ამ ეტაპზე არსებობს.

პროკურორის თქმით, ამ დროისთვის საქმეზე გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მიმდინარეობს:

​"პროკურატურის მიერ მოთხოვნილი იყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა და შეუფარდა პატიმრობა. დღევანდელი მოცემულობით რა მტკიცებულებებიც იყო, იმ მტკიცებულებების საფუძველზე წარედგინა ბრალდება, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის ოჯახში ძალადობის ფაქტზე. მიმდინარეობს გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე", - ამბობს საქმის პროკურორი.

11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მამას, ფრიდონ აბჟანდაძეს პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

დაკავებულს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარედგინა.

ამ მუხლებით მას მაქსიმუმ 6 წლით პატიმრობა ემუქრება.

გარდაცვლილი ბიჭის ბებია ბავშვის მამისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და ამბობს, რომ 4 წლით პატიმრობა შეუსაბამოა ამ დანაშაულისთვის. მისი თქმით, შესაძლოა, ბავშვზე ძალადობის თაობაზე პოლიციაში შეტყობინება არ შესულა, მაგრამ სამართალდამცველებმა კარგად იცოდნენ, როგორ ძალადობდა თავის დროზე მამაკაცი მეუღლეზე და ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ.

25 აგვისტოს შსს-მ განაცხადა, რომ უწყებაში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ შესულა და ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გაცემული არ ყოფილა. მათივე თქმით, ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით უწყებას 2010 წელს მიმართეს, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთი პირის მიმართ არ დამდგარა.

11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიების ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამა სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა თავის არასრულწლოვან შვილს. მათივე ინფორმაციით, მამის ქმედებების გამო არასრულწლოვანი შვილი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.


close დახურვა