logo
ENG



პროკურორი: თამაზაშვილმა, ბაკურაძემ და ჭიჭიაშვილმა უარყვეს კავშირი სანაიას მკვლელობასთან

04 თებ 202200:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/04/5zdlwsvac9vo4rc.png

პროკურორი ამირან გულუაშვილი გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ გამოძიებისთვის სარწმუნო არაა კონსტანტინე ციხისთავის ჩვენება დანაშაულის დაგეგმვის შესახებ.

იმედის ეთერში ინტერვიუსას პროკურორი ყვება, რომ ციხისთავის მიერ დასახელებული პირები, ყოფილი მაღალჩინოსნები გამოიკითხნენ და ყველამ უარყო სანაიას მკვლელობასთან კავშირი. ამასთან, ამატებს, რომ ციხისთავის მიერ დასახელებული სავარაუდო მკვლელი, შოთა ჭიჭიაშვილი მკვლელობის დღეს საქართველოში არ იყო. 

"კონსტანტინე ციხისთავის ჩვენება შეგვიძლია, პირობითად დავყოთ ორ ნაწილად. ერთი ეხება მკვლელობის დაგეგმვას და მის შესრულებას, მეორე ნაწილი უკავშირდება ვერსიას. 

კონსტანტინე ციხისთავის ინფორმაციით, მკვლელობის დაგეგმვა მოხდა შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ და უშუალოდ აღასრულა მევლუდ, იგივე შოთა ჭიჭიაშვილმა. სამივე გამოიკითხა, ვგულისხმობ კახა ბაკურაძეს, რომელსაც იმ პერიოდში შს მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, თამაზ თამაზაშვილი, რომელიც იყო შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი. ორივემ უარყო რაიმე შეხვედრის გამართვა, მითუმეტეს, რაიმე სახის კავშირი გიორგი სანაიას მკვლელობასთან, ან მის მომზადებასთან. 

გამოძიების ეტაპზე დისტანციურად გამოვკითხეთ შოთა ჭიჭიაშვილი, რომელმაც უარყო მისი რაიმე შემხებლობა გიორგი სანაიას მკვლელობასთან. ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გარკვეული ინფორმაცია მოვიძიეთ და დადგინდა, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის დროისათვის შოთა ჭიჭიაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე არ იყო. საარქივო მასალებით დადგინდა რომ შოთა ჭიჭიაშვილმა საქართველოს ტერიტორია დატოვა მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, ანუ 2001 წლის ივნისში და საქართველოში დაბრუნდა 2004 წლის იანვარში", - აღნიშნავს პროკურორი. 

ფორმულას ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში რესპონდენტმა კონსტანტინე ციხისთავმა გიორგი სანაიას მკვლელობის დამკვეთებად პრემიერმინისტრის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ბაკურაძე, ხოლო მკვლელობის შემსრულებლად კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი დაასახელა.

​ციხისთავის ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი შოთა ჭიჭიაშვილი კიევში სპეცოპარაციის დროს მოკლეს. რაც შეეხება ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს, რომელსაც ხელს ციხისთავი ადებს, ის ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ვერ უარყოფს იმას, რომ ნომერ პირველ ტერორისტს, შოთა ჭიჭიაშვილს პირადად იცნობდა.

გარდა ამისა, ციხისთავის მტკიცებით, ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვას, კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საუბარია ჭიჭიაშვილის ნათესავზე, ნაირა მარგოშვილზე, რომელმაც ციხისთავის თქმით, შემთხვევით მოისმინა მკვლელობის დაგეგმვა. 

სანაიას მკვლელობა ყოფილი პატიმრის აღიარებით, ქვეყანაში და პანკისში სიტუაციის არევას და რუსების შემოსვლას ემსახურებოდა. ციხისთავი ამბობს, რომ ხურცილავა, შემთხვევითი პირი არ ყოფილა. მისი მტკიცებით, სწორედ გრიცკო აწვდიდა ჭიჭიაშვილის ტერორისტულ დაჯგუფებას ინფორმაციას მათ მიერ გატაცებული ადამიანების გადაადგილების შესახებ, მათ შორის პიტერ შოუსა და პეტრე ცისკარიშვილზე.

კოტე ციხისთავი ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრი ერთი წლის განმავლობაში იყო. ის გიორგი სანაიას მკვლელობამდე დაიჭირეს.

გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს მოკლეს. 


close დახურვა