logo
ENG



პროკურორი: პირველ ნოემბერს აშკარად და გარკვევით სახეში გვესროლა ნიკანორ მელიამ სამაჯური

17 თებ 202117:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/17/ls0hup4dkkxihas.png

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის სხდომაზე ერთ-ერთმა პროკურორმა თქვა, რომ პირველ ნოემბერს "აშკარა დარღვევას" ჰქონდა ადგილი, რადგან მან "ფაქტობრივად, სახეში ესროლათ სამაჯური".

ამით პროკურორმა უპასუხა ადვოკატის კითხვას, როგორ ასხვავებდა არსებით და არაარსებით დარღვევას, როცა, მაგალითად, ნიკა მელია არღვევდა სახლიდან გასვლის შეზღუდვას. ადვოკატის თქმით, თანაბარი სიმძიმე აქვს ამ ორივე შეზღუდვას, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობში ირღვეოდა.

ამაზე პროკურორმა უპასუხა, რომ წინა სხდომაზე მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ სამაჯურის გადაგდებისას დარღვევა მოხდა. 

"რომ ირღვეოდა ეს აღკვეთი ღონისძიება [ელექტრონული სამაჯურის ტარება] ფაქტია, რადგან შეიცვალა, დაუმძიმდა და დაემატა გირაოს თანხა 40 ათასი ლარი. ამაზე იყო მსჯელობა წინა სასამართლო სხდომაზე. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ეს კაცი არღვევდა ამ პირობას.

პირველ ნოემბერს რადგან ახსენებთ, მაშინ აშკარად და გარკვევით სახეში გვესროლა, ფაქტობრივად, ტელევიზიის მეშვეობით, ნიკანორ მელიამ თავისი სამაჯური და თქვა, რომ არ დაგემორჩილებით", - ამბობს პროკურორი. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელია სწორედ ამ თანხის გადახდას არ აპირებს, შესაბამისად, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს. 

საქმეს კი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთ პოლიტიკურ საქმეზე მიიღო ხელისუფლებისთვის მისაღები გადაწყვეტილება. 

2019 წლის ივლისში 20 ივნისის ღამის საქმეზე ჩახნაშვილმს არც ერთი პირი, მათ შორის არც მაკო გომური, დაზარალებულად არ ცნო და ეს გადაწყვეტილება პროცესის გამართვის გარეშე, ზეპირი მსჯელობით მიიღო.

ამავე წელს, მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე ჩახნაშვილმა ძალაში დატოვა. 

ასევე, 2020 წლის აპრილში ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძრის გამო ბრალდებულ ბადრი ქათამაძეს ორ თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თელავის სასამართლოში, ერთწლიანი სამოსამართლეო გამოცდილების მიღებამდე, ჩახნაშვილი 2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე.


close დახურვა