logo
ENG



პროპორციული არჩევნები რომ ჩაეტარებინა ივანიშვილს, ყველა მოგებული იქნებოდა - ბურჯანაძე

29 თებ 202022:40
3 წუთის საკითხავი
 

„პროპორციული არჩევნები რომ ჩაეტარებინა ბიძინა ივანიშვილს, ყველა მოგებული იქნებოდა", - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა. 

ბურჯანაძე აცხადებს, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილს შეეძლო, მისი სახელი ისტორიაში სანიმუშოდ ჩაეწერა.

როგორც „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა, ოპოზიციამ უკვე დაანახა საზოგადოებას, რომ შეუძლია პირადი შეხედულებები ქვეყნის საკეთილდღეოდ გვერდზე გადადოს. 

„ამჯერად ოპოზიციამ დაანახა საზოგადოებას, რომ ჩვენ პირადი ამბიციები, სიმპათიები, წყენები გავწიეთ გვერდზე და ოპოზიციის ინტერესი აბსოლუტურ თანხვედრაშია ქვეყნის ინტერესებთან და ეს დიდი მოტივაცია უნდა იყოს საზოგადოებისთვის. ქვეყნის ინტერესში შედის ის, რომ ვეღარავინ შეძლოს ძალაუფლების უზურპაცია. ამის საშუალება არის ის სქემა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, რამდენად მეტს დავათმობინებთ ახლა ხელისუფლებას, მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის მომავალ წარმატებას. 14 ოქტომბერს რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა, ბიძინა ივანიშვილი შეძლებდა ძალიან კარგად წარმოეჩინა თავისი გუნდი. პროპორციული არჩევნები რომ ჩაეტარებინა ბიძინა ივანიშვილს, ყველა მოგებული იქნებოდა. აი, შეხედეთ, მას რომ შეესრულებინა დანაპირები, ძალიან კარგ სახელს დატოვებდა და პარტნიორების თვალში იქნებოდა საოცარი გარღვევა. ამ გადაწყვეტილებით შეეძლო მისი სანიმუშო სახელი ჩაეწერა ქართული დემოკრატიის ისტორიაში. უმრავლესობის ფორმირებისთვის, ალბათ, დასჭირდებოდა კოალიციის ფორმირება, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალური შეხვედრა შედგა. შეხვედრა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ გარკვეული ინიციატივები წარადგინეს, რომლებზეც შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრებენ. რაც შეეხება ოპოზიციას, პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება გარკვეულ კომპრომისზე წავიდა, თუმცა ისინი "ქართული ოცნების" ინიციატივას არ იზიარებენ. 


close დახურვა