logo
ENG



პურის ფასის შენარჩუნებისთვის მთავრობა ხორბლის ფქვილს დაასუბსიდირებს

27 ნოე 202015:51
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/27/g68v186wsmewa5g.jpg

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაასუბსიდიროს ხორბლის ფქვილი და შესაბამისად, პურზე ფასი არ გაიზრდება.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, შემდგომ ეტაპზე კი საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების მიხედვით იმოქმედებენ.

"გვესმის, რომ პური არის განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტი, გვესმის რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა იმ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც კორონავირუსი იწვევს გლობალურად და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ გვქონდა შეხვედრები მწარმოებლებთან, რის შედეგადაც საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ; ამ შემთხვევაში საუბარია პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე იმგვარად, რომ შევინარჩუნოთ ფასები და პურის გაძვირება თავიდან ავიცილოთ.

პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან. შესაბამისად, მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება",- თქვა ლევან დავითაშვილმა.

დღეს, 27 ნოემბერს მთავრობას მასტიმულირებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ და პურის მრეწველთა კავშირმა. მათ განცხადებაში აღნიშნილი იყო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ფქვილზე და პურზე არსებული ფასი ვერ შენარჩუნდებოდა.

 

 


close დახურვა