რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას არანაირი პოლიტიკური აზრი არ აქვს. შესაბამისი განცხადება პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი ვალდაის სხდომაზე გააკეთა.
ამასთან, პუტინი ამბობს, რომ სანამ არსებობს ბირთვული იარაღი, არსებობს მისი გამოყენების რისკი. მისივე თქმით, რუსეთში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბარი არასდროს ყოფილა. ამ კონტექსტში პუტინმა ხელი ისევ დასავლეთისკენ გაიშვირა და თქვა, რომ მხოლოდ უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს პასუხობდა.
"ჩვენ არ გვჭირდება ბირთვული თავდასხმა უკრაინაზე, არ აქვს აზრი - არც პოლიტიკური და არც სამხედრო", - თქვა პუტინმა.
მანამდე, 21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა თქვა: "ვინც ბირთვული იარაღით გვაშანტაჟებს, ქარებმა, შესაძლოა, მათკენ იქროლონ".