სოჭში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს.
ერდოღანი სოჭში ცოტა ხნის წინ ჩავიდა. მასთან ერთად დელეგაციის შემდაგენლობაში არიან ქვეყნის ეკონომიკური გუნდის წევრები, ფინანსთა მინისტრი და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი. არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკების მთავარი თემა მარცვლეულის შეთანხმება იქნება, რომელიც რუსეთმა ივლისში დატოვა.
"სალაპარაკო ბევრი გვაქვს, მათ შორის რეგიონში უსაფრთოხების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, შევეხებით უკრაინულ კრიზისსაც. მე ვიცი, რომ ჩემი კოლეგა ასევე აპირებს, წამოჭრას მარცვლეულის შეთანხმების საკითხი", - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.
22 აგვისტოს, თურქულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს. როგორც მედია იუწყება, ერდოღანის ვიზიტი რუსეთში ძალიან მნიშვნელოვანია "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელებისთვის.
17 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აჩერებს. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი არ შესრულდა.
13 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას დატოვებს. მან ასევე თქვა, რომ გაერომ ვერ შეძლო საკითხის ისე გადაწყვეტა, რომ დაკმაყოფილებულიყო რუსული მხარის მოთხოვნებიც.