logo
ENG



პუტინმა კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების მანქანა აჩუქა

20 თებ 202411:58
3 წუთის საკითხავი
clock 652
2024/02/20/3qzena3xualty03.jpg

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ვლადიმირ პუტინისგან "პირადი მოხმარებისთვის" საჩუქრად მანქანა მიიღო. ინფორმაცია ადგილობრივმა სააგენტო KCNA-მა გაავრცელა. როგორც Reuters წერს, აღნიშნული საჩუქარი შესაძლოა გაეროს სანქციების დარღვევა იყოს.

ბოლო დროს, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობები უფრო მჭიდრო ხდება. სექტემბერში ვლადიმირ პუტინი კიმ ჩენს ინს შეხვდა და კორეაში ჩასვლასაც შეჰპირდა.

KCNA წერს, რომ რუსული წარმოების მანქანა კიმს 18 თებერვალს მიუყვანეს. კიმის დამ "კიმ ჩენ ინის მადლიერება პუტინისადმი
თავაზიანად გადასცა რუსულ მხარეს და თქვა, რომ ეს საჩუქარი ლიდერებს შორის განსაკუთრებული პირადი ურთიერთობების აშკარა დემონსტრირებას ემსახურება".

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ყურადღებით აკვირდება. მისივე თქმით, გაეროს სანქციები ფხენიანის მიმართ კრძალავს პირდაპირ თუ ირიბად სატრანსპორტო საშუალებების მიწოდებას, გაყიდვას ან გადაადგილებას, მიუხედავად მათი წარმომავლობისა, ძვირადღირებული მანქანების ჩათვლით.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა Aurus-ის მარკის მანქანა მიიღო.

ავტომობილების მწარმოებლის საიტის მიხედვით, ავტომობილი რუსეთის პირველი სრული ზომის ლუქს სედანია. ის ასევე პუტინის საპრეზიდენტო მანქანაა. სექტემბერში შორეულ აღმოსავლეთში ვიზიტის დროს, კიმ ჩენ ინმა Aurus Senat-ის ლიმუზინი დაათვალიერა და პუტინმა უკანა სავარძელზე დასაჯდომადაც მიიწვია.

თავად კიმი ადგილზე Maybach-ის ლიმუზინით მივიდა, რომელიც სპეციალური მატარებლით ფხენიანიდან ჩაიყვანეს.

როგორც ამბობენ, კიმი მანქანების დიდი მოყვარულია და უცხოური მანქანების დიდი კოლექცია აქვს, რომლებიც დიდი ალბათობით კონტრაბანდის სახით შეაქვთ ქვეყანაში.


close დახურვა