ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ. ინფორმაციას პროპაგანდისტული რია ნოვოსტი ავრცელებს.
ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ღონისძიებების ორგანიზებისა და კოორდინაციის უფლებამოსილება FSB-ს მიენიჭა.
ოკუპანტებმა ასევე გააძლიერეს რუსეთის ენერგო-ხიდის ელექტროენერგიის ქსელის დაცვა.
გარდა ამისა, კრემლმა ანექსირებულ ყირიმში ტერორისტული საფრთხის მაღალი (ყვითელი) დონე შემოიღო, რომელიც 23 ოქტომბრამდე იმოქმედებს.
2018 წელს რუსული პროპაგანდისტული მედია წერდა, რომ ყირიმის ხიდი გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის. ისინი იტყობინებოდნენ, რომ ხიდს იცავენ თანამგზავრების, ხომალდების, რაკეტების და საბრძოლო დელფინების მეშვეობით.
დღეს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო ავტომობილებისთვის ბორნებით გადასასვლელს ამზადებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის დავალება გასცა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ხიდს მალე აღადგენენ. ხიდზე აფეთქებას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლებიდანაც.
"ყირიმი, ხიდი, დაიწყო. ყველაფერი უკანონო უნდა დაინგრეს, ყველაფერი მოპარული - დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი ოკუპირებული რუსეთის მიერ - განიდევნოს," - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა.