logo
ENG



რა ბედი ელის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს - ხელისუფლება ვალდებულებების შესრულებას გაურბის

25 აპრ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

რა ბედი ელის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს? პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებასაც ითვალისწინებდა, არ სრულდება.

ამ ფონზე "ქართულ ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ არჩევნებიც ჩატარდება და საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება. თუმცა ოპოზიციაშიც და მესამე სექტორში ეჭვობენ, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ერთხელ ნაცადი მეთოდი ხელახლა გამოიყენოს და პროექტი ჩააგდოს.

"ქართული ოცნება" ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც დარწმუნებულია, რომ საარჩევნო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება. არჩილ თალაკვაძემ ზუსტად იცის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ოპონენტების მხარდაჭერის გარეშე არ იქნება; ოპოზიციის ხმებს კი მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში მიიღებს.  

პოლიტიკური პარტიები ეჭვობენ, რომ ხელისუფლების სიმშვიდე მოჩვენებითია. ამ სცენარით "ქართული ოცნება" ცდილობს შეთანხმების აღსრულებას გაექცეს. 

„ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებები ერთხელ უკვე ჩააგდო. თუმცა ეს მაშინ თავისივე თანაგუნდელებს დააბრალა და ე.წ. ამბოხებით შეფუთა. ამ გამოცდილების გამო, მესამე სექტორი ფიქრობს, რომ პოლიტიკური სიურპრიზები გამორიცხული არც ახლაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში იმყოფება და საზოგადოებრივი კონტროლი შესუსტებულია. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს გაფორმდა, თუმცა მემორანდუმიდან ერთ თვეში ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა მიესაჯა. დაპირების შესრულებას, მათ შორის მართლმსაჯულების ნაწილში, მესამე სექტორიც ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები შეწყდეს. 

„ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ შეთანხმება პატიმრების გათავისუფლებას არ გულისხმობდა, თუმცა ფაქტია, რომ მოლაპარაკებებში ჩართული ელჩები ასე არ ფიქრობენ. ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებიდან მეორე დღეს, ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოებმა საგანგებო განცხადება გამოაქვეყნეს. ორივე დიპლომატიური უწყება წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შეთანხმების შესრულებას საფრთხის ქვეშ აყენებს. 


close დახურვა