თვითდასაქმებული მოქალაქეების სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გარდა სოციალური დახმარებისა, თვითდასაქმებულებს მთავრობა საბანკო სესხების გადავადებაში დაეხმარება.
"ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ დახმარებას თვითდასაქმებულებისთვის, როგორიც გვქონდა პირველი ტალღის პერიოდზე, ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით. უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად რომლებთანაც ისინი არიან დასაქმებული და ამ 300-ლარიანი დახმარების გარდა, ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს ამ სექტორიდან, ვისაც გააჩნია საბანკო სესხი, მიზნობრივად მივეხმარებით სესხის გადავადებაში", - განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, 1200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს.
"გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა - ეს გახლავთ 1 200 ლარიანი დახმარება ფორმალურად დასაქმებულებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ანუ 6 თვის განმავლობაში 200 ლარი ყოველთვიურად. ეს პროგრამა პირველი იანვრიდან გაგრძელდება დამატებით 6 თვის განმავლობაში", - თქვა პრემიერმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება.
28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება.
კონკრეტულად:
- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
- აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა შეზღუდვა აღდგება.