logo
ENG



რადიო თავისუფლების ჟურნალისტი: ოკუპირებული ცხინვალის აფთიაქებში პარაცეტამოლიც აღარ იშოვება

11 მაი 202010:51
3 წუთის საკითხავი
 

ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა თავს სულ უფრო დაუცველად გრძნობს. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელებში ე.წ. საკარანტინო ღონისძიებების ფორმალობაზე ღიად ლაპარაკობენ და ბიბილოვის დე-ფაქტო მთავრობას მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემის გამო აკრიტიკებენ.

რეგიონში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხი ყოველდღიურად იზრდება, თუმცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს გავლით, დახმარების მიღებაზე კვლავ უარს ამბობს. მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვამ. პროდუქტებზე ფასები იზრდება. წამლების ნაწილი და სამედიცინო აღჭურვილობა აფთიაქებიდან საერთოდ გაქრა. 

როგორც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი გოგა აფციაური აცხადებს, ოკუპირებულ რეგიონში ერთადერთი კომპიუტეერული ტომოგრაფიაა და ისიც გაფუჭებული.

„ჩაიკეტა 17 მაისის ჩათვლით რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. საზღვარი, სატვირთო გადაზიდვებიც კი შეზღუდულია. ერთი კვირის განმავლობაში ცხინვალში არანაირი პროდუქცია არ შედის. ეს ნიშნავს, რომ პროდუქციაზე ფასები იზრდება. გარდა ამისა, ჩვენი წყაროები გვიყვებიან, რომ აფთიაქში პარაცეტამოლიც აღარ იშოვება, არ არის საუბარი იმაზე, რომ პირბადეები არ არის. ერთადერთი კომპიუტერული ტომოგრაფიაც კი გაფუჭებულია და ამბობენ, რომ ორი კვირა დაჭირდება შეკეთებასო“, - აღნიშნა აფციაურმა.

10 მაისის მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 22 შემთხვევა დასტურდება. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.


close დახურვა