logo
ENG



რამიშვილი: ადამიანი გარდაცვლილია და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი მაინც უნდა იყოს

24 ივლ 202009:14
3 წუთის საკითხავი
 

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ღამით ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებოდა. როგორც რუსთავის პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მისთვის საქმის მასალები არ გადაუციათ, რადგან დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჯერ არავინ არის ცნობილი. რამიშვილი ამ სტატუსით ცნობად ბაჩალიაშვილის მამისადმი ითხოვს.

ადვოკატს მიაჩნია, რომ საქმის კვალიფიკაციის შეცვლაც უნდა მოხდეს. რამიშვილისთვის ასევე გაუგებარია, რატომ მიდის გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, როდესაც 23 წლის გოგონა გარდაცვლილია.

„ძალიან ინტენსიურად მიდის გამოძიება და უნდა შეიკრიბოს ეს მასალა. მამამისი უნდა იყოს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი. 

თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე აღარ არის ლაპარაკი, ადამიანი გარდაცვლილია და შესაბამისად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი მაინც უნდა იყოს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდა ამისა, ითქვა, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები. 


close დახურვა