თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მარიამ გოგორელიანი საქმეს ჩამოშორდა.
რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზაში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან.
"პროკურორი, რომელიც არაეთიკურად ახორციელებდა მოქმედებას, ჩამოშორდა საქმეს. მისი ქცევა დაზარალებულის მიმართ არ იყო ეთიკური. ჩვენი შეხვედრა ბოლო არ არის. იქნება ძალიან ხშირი კონტაქტი პროკურატურასთან. საუბარი იყო ავტომობილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით და აუცილებლად ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები", - განაცხადა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, პროკურორი მარიამ გოგორელიანი ბულინგში დაადანაშაულა. მან ასევე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და გამოძიების არაეფექტიანობაზე ისაუბრა.
თამაზაშვილის განცხადების საფუძველზე, გენერალურმა ინსპექციამ პროკურორის სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
თავის მხრივ, გოგორელიანი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ბრალდებებს უარყოფს.
როგორც პროკურორმა „ფომულასთან“ საუბრისას განაცხადა, თამაზაშვილის მიმართ არავითარი უკანონო ქმედება არ განხორციელებულა.