logo
ENG



რას სთავაზობენ სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები მთავრობას

27 ნოე 202015:29
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/27/x80fxeal8bus6kl.jpg

თბილისის დიდი სავაჭრო ცენტრების, "თბილისი მოლის", "ისთ ფოინთის", "თბილისი ცენტრალის", "ქარვასლას", "სითი მოლისა" და "გლდანი მოლის" წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს სთავაზობენ, რომ სავაჭრო ცენტრებმა, ნაცვლად 24 დეკემბრისა, 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე იმუშაონ.

თბილისი ცენტრალის წარმომადგენლის თქმით,  შეზღუდვის მოხსნა სექტორს დამატებით ერთ კვირას მისცემს, რაც ყველასთვის მომგებიანი იქნება.

"ჩვენი შეთავაზება არის, რომ 15 დეკემბრიდან, ნაცვლად 24 დეკემბრისა, 3 იანვრამდე მოგვეცეს მუშაობის საშუალება. ეს არის დამატებითი ერთი კვირა, რაც მოგებიანი იქნება ყველასთვის.

ასევე ლაპარაკია, რომ 24-ის მაგივრად მოიხსნას გადაადგილება შეზღუდვაზე, რათა მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს სავაჭრო ცენტრში მოვიდეს და ტრანსპორტირება მოახერხოს", - ამბობს თბილისი ცენტრალის წარმომადგენელი.

გარდა ამისა, სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ქონების გადასახადის გაუქმებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეს სავაჭრო ცენტრებს თანამშრომლის შენარჩუნებაში დაეხმარება.

"ჩვენ, ყველას გადავადებული გვქონდა ქონების გადასახადები, რომლის გადახდის ვალდებულება გვიდგება ახლა. ჩვენი თხოვნა არის, რომ მოხდეს 2020 წლის ქონების გადასახადის გაუქმება სავაჭრო ცენტრებისთვის, ისევე, როგორც მოხდა სასტუმროების შემთხვევაში.

ამ შემთხვევაში ყოველი ჩვენგანი მზად არის, შეინარჩუნოს ის 2000 ადამიანის 80%,  რომელიც სავაჭრო ცენტრებშია დასაქმებული არ გაუშვას სახლში", - თქვა თბილისი ცენტრალის წარმომადგენელმა.

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლების თქმით, მათ ამ შეთავაზებით მთავრობას წერილობით უკვე მიმართეს.

აღსაღნიშნავია, რომ მიმართვას არ უერთდება "გალერეა თბილისი", ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას "გალერეა თბილისის" მარკეტინგის სამსახურში დაუდასტურეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად: 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.

 

close დახურვა